English / ქართული / русский /
ანა ანუშიძე
აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკა

ანოტაცია. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ  წინამდებარე ნაშრომი მოვამზადე ჩემი სადისერტაციო ნაშრომის სამუშაო პროცესის ერთ - ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ. ნაშრომის მიზანია აზერბაიჯანის, როგორც ახალგაზრდა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ეკონომიკურ სტაბილურობაზე მოქმედი ფაქტორების წარმოჩენა, ეკონომიკური პოლიტიკის მახასიათებლების განხილვა.

ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე გვაქვს ორი მთავარი საკვლევი კითხვა:

  • · რაში მდგომარეობს აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურება?
  • · რა ფაქტორები ახდენს გავლენას აზერბაიჯანის ეკონომიკის სტაბილურობაზე?

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ენერგეტიკული სექტორი. 

შესავალი 

მოცემულ ნაშრომში, აზერბაიჯანი განხილულია, როგორც ახალგაზრდა დამოუკიდებელი, ერთ - ერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში. აზერბაიჯანი გამოირჩევა, როგორც სათბობ - ენერგეტიკული რესურსების მარაგით, ისე გეოგრაფიული მახასიათებლებით. აზერბაიჯანის ეკონომიკურ კეთილდღეობას დიდწილად განსაზღვრავს  ენერგეტიკული რესურსების ექსპორტისა და ტრანსპორტირების გზით მიღებული შემოსავლები.  

აზერბაიჯანმა რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი გაიარა დამოუკიდებობის აღდგენის დღიდან. აღნიშნული პერიოდი, აზერბაიჯანის მკვლევარი ექსპერტების მიერ,  სამ ფაზად იყოფა: 1991 – 1993 (პირველი ფაზა); 1993 – 2003 (მეორე ფაზა) და 2003 -დან თანამედროვე პერიოდის ჩათვლით (მესამე ფაზა).  მთლიანობაში, სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის  საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის  განვითარების, სტრატეგიები და პრიორიტეტები.

მნიშვნელოვანია, აქვე ვახსენოთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც დეკლარირდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მეორე ფაზის დროს. ეს პრიორიტეტებია: საბაზრო ეკონომიკაზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული პლურალისტური დემოკრატიის განვითარება; აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უსწრაფესი აღდგენის მიზნით დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება; ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების და ქმედებების გაქარწყლება; სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, ლისაბონის სამიტის პრინციპებზე დაფუძნებით, ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების ფორმატში; მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება; ეკონომიკის დივერსიფიკაციის დაჩქარება, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარება, აზერბაიჯანის საუკეთესო სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენების გზით; ევროპული სატრანსპორტო კორიდორის განვითარება; რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერება; იარაღის და ნებისმიერი სახის უკანონო ტვირთბრუნვის აღკვეთა; არსებული გლობალური რეჟიმების ერთგულება. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა. სამხრეთ კავკასიაში არაბირთვული ზონის შექმნა; კასპიის ზღვის დემილიტარიზაცია. ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ინტეგრაცია. „თანამედროვე, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი, არის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ამასთან, საიმედო პარტნიორია ენერგეტიკის სფეროში, როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.  აზერბაიჯანმა რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან დღემდე. სირთულეები ობიექტურად აქვს ახალ დამოუკედებელ სახელმწიფოს, და ეს დაკავშრებულია გამოცდილების, ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობასთან, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებასთან, სახელმწიფო მექანიზმის ჩამოყალიბების რთულ და მეტად შრომატევად პროცესთან, შიდა პოლიტიკური სისტემის არა მდგრადობასთან და რაც განსაკუთრებულად ართულებდა სიტუაციას ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაზე მუშაობა დღემდე გრძელდება. ამ ყველაფერს, კიდევ უფრო მძიმე ბარიერს უქმნიდა საბჭოური მემკვიდრეობა და საზოგადოებაში ფესვებგადგმული საბჭოური კულტურა. აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტი იყო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელება, საერთაშორისო და რეგიონული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება საიმედო და უსაფრთხო ენერგო პარტნიორის სახელის მოსაპოვებლად“ [De Waal. 2016]. 

აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკი სმიმოხილვა 

როდესაც ვსაუბრობთ აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობაზე, ორ ფაქტორზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, ენერგეტიკული რესურსები, რომლის ექსპორტისა და ტრანსპორტირების შედეგად მიღებული შემოსავლები დიდწილად განსაზღვრავენ ქვეყნის ბიუჯეტს. მეორე მხრივ კი, უნდა აღინოშნოს ის ფაქტორი, რომ აზერბაიჯანს, როგორც ახალგაზრდა დამოუკიდებელ ქეყანას მოუწია გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რთული პროცესის გავლა.

აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში გამოირჩევა, როგორც ენერგო რესურსების ექსპორტიორი ქვეყანა, ისე ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტიორი. ამ მხრივ, უნდა აღვნიშნოთ: ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC), ბაქო-თბილისი - ერზრუმის გაზსადენი (BTE), ბაქო - სუფსას ნავთობსადენი (BSP), ტრანს-ადრიატიკის მილსადენი (TAP), ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტი (BTK), სამხრეთ კავკასიის მილსადენი (SCP), გაზის სამხრეთის კორიდორი (SGC), ტრანს-ანატოლიის ბუნებრივი გაზის მილსადენი (TANAP).

რუკის (რუკა 1)  სურათზე ნაჩვენებია, ბაქო - თბილისი - სუფსის, ბაქო - თბილისი - ერზრუმის მოქმედი მილსადენების მარშუტები, ნაბუკოს გეგმა, ბაქო - ნოვოროსისკის მილსადენის მარშუტი. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ქვაკუთხედია აღნიშნული პროექტების ფუნქციონირებისთვის, აჩვენებს აზერბაიჯანის, როგორც სათბობ - ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტიორი ქვეყნის,  სტრატეგიულ მნიშვნელობას.

რუკა 1

 

მოცემულ რუკის სურათზე (რუკა 2), ნაჩვენებია ტრანს-ანატოლიის და ტრანს ადრიატიკის პროექტების მარშუტი.

რუკა 2

 

 რუკა 3

აღნიშნულ რუკის სურათიზე (რუკა 3) ნაჩვენებია ნაბუკოს,  ტრანს-ანატოლიის და ტრანს-ადრიატიკის გაზსადენების პროექტები.  კარგად ჩანს აზერბაიჯანის, როგორც ტრანზიტი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის, როგორც ახალგაზრდა ქვეყნის გამოწვევებს იმ თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მას მოუწია რთული პროცესების გავლა, რათა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადასულიყო, ამ მიმართულებით ქვეყნის პროგრესს ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა. ამაზე საუბრობს არა ერთი ექსპერტი და მკვლევარი, მათ შორის არის ტომას დე ვაალი, რომელიც თავის ცნობილ სტატიაში: „Azerbaijan at 25: A New Era of Change and Turbulence” წერს: „აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა ფორმულირებულია ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მიერ, შემდეგ კი ის გააფართოვა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.  ყველაფერი დაიწყო 1994 წელს, როდესაც ხელი მოეწერა „საუკუნის შეთანხმებას“.  პირველად ისტორიაში, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა კასპიის ზღვის გამოყენება მრავალეროვნულ კომპანიებთან ერთობლივი მუშაობისთვის და მან შეძლო მოეზიდა მრავალმილიარდიანი ინვესტიციები ნავთობის მრეწველობის დაწყება-განვითარებისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, კასპიის ზღვის რესურსების მიწოდება დასავლეთის ბაზრისთვის ფანტაზია იყო. აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ ეს ფანტაზია გადააქციეს რეალობად, როდესაც მათ დაასრულეს გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის  მშენებლობა. სწორედ ამ პროექტების განხორციელებით დაიწყო აზერბაიჯანის მძლავრ ენერგოექსპორტიორ და ტრანსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბების ისტორია“ [De Waal. 2016].   

მიუხედავად, იმისა, რომ აზერბაიჯანს, როგორც ეკონომიკური, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით ენერგეტიკის სექტორში მიღწეულმა წარმატებებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა, მაინც არის საფრთხე იმისა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა იყოს მხოლოდ ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული და შესაბამისად დამოკიდებული იყოს სათბობ - ენერგეტიკული რესურსების ფასებზე.  სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას არასტუ ჰაბიბეილი თავის ცნობილ სტატიაში: - „Reconsidering Azerbaijan’s Foreign Pplicy on the 25 th Anniversary of Restored Independence“ - „აზერბაიჯანის წარმატებულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა, როგორც ამ სფეროს, ისე მთლიანად ეკონომიკისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განვითარება.  ენერგეტიკამ განაპირობა აზერბაიჯანის სანდო პარტნიორად აღიარება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციაში შესვლა 2006 წელს, იყო ისტორიული ფაქტი, ეს იყო ახალი გლობალური მნიშვნელობის კორიდორის შექმნა, სიახლე რეგიონისთვის და მთელი კონტინენტისთვის. ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში აზერბაიჯანს შეაქვს თავისი წვლილი განსაკუთრებით ევროპაში გაზის უსაფრთხო მიწოდებით. ქვეყანა გახდა მსოფლიოში უმსხვილესი გაზის ექსპორტიორი შაჰდენიზის წყალობით. მესამე ათასწლეულის მეორე ათწლეული არის მოწმე ტრანს-ანატოლიის  (TANAP) და ტრანს-ადრიატიკის მილსადენების  (TAP) პროექტების შექმნის. XX საუკუნეში აზერბაიჯანს სჭირდებოდა უცხოური მხარდაჭერა პროექტების განხორციელებისთვის, ახლა უკვე თავად ხდება ინიციატორი და მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბების პროექტების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგომომარაგებას. ტრანს-ადრიატიკის მილსადენის არჩევა ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის მთავარ საექსპორტო მარშუტად, იმის დემონსტრირებაა, რომ  ამ რეგიონში ნებისმიერი გლობალური პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის და მონაწილეობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ბოლო 12 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მშპ გასამმაგდა. ბიუჯეტი კი 20-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, რთული ვითარებაა ქვეყნის რეგიონების უმრავლესობაში“ [Habibbeyli, 2017].

მკვლევარები აზერბაიჯანის ეკონომიკური ტრანზაციის პერიოდის განხილვისა და ანალიზისას ორი მიმართულებით ავითარდებენ მსჯელობას, პირველი, რეალობის შეფასება და საჭირო რეფორმების ფორმულირება, მეორე კი საბჭოური მემკვიდრეობის, როგორც ეკონომიკური განვითარების გზაზე განსაკუთრებული დამაბრკოლებელი ბარიერის ანალიზი. ავტორთა უმრავლესობა აზერბაიჯანის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად - სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიღწევას ასახელებს, ამისთვის კი ქვეყნის მოდენიზაციას მათ შორის ეკონომიკის დივერსიფიკაციას, უპირობო აუცილებლობად განიხილავენ.  ამასთან, ფართოდ განიხილება ის ხელისშემშლელი გარემოებები, რომლებიც განპირობებულია საბჭოთა მემკვიდრეობით მაგალითად: რესურსების გამოყენებაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ნაკლები ყურადღების გამახვილება მდგრად განვითარებაზე, დივერსიფიკაციაზე, სოციალური კაპიტალის განვითარების დაბალი მაჩვენებელი, ურბანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. 2005 წლიდან, აზერბაიჯანში, მწავავედ დადგა ეკონომიკის ერთ სფეროზე დამოკიდებულების საფრთხე.  პრიორიტეტული გახდა რეგიონების განვითარება.

მნიშვნელოვანია იმ ავტორების მოსაზრებები, რომლებიც მუშაობენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების თემაზე. ისინი, რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას გამოყოფენ: „გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში ყველაზე რთული პრობლემა სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიღწევაა“ [Erdener Kaynak, Zenfira Nasirova. 2008]. „გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სოციალური და ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსახლეობის ფაქტორებზე, მაგალითად ურბანიზაციის დონეზე და სიმჭიდროვის ხარისხზე“ [Antonio Sanchez-Braza, Galyan Anna. 2018]. “სწრაფი ტრანსფორმაციის პერიოდში, დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ კაპიტალს და მის განვითარებას. საინტერესო მახასიათებელი აქვთ პოსტსაბჭოური ქვეყნების უმრავლესობის ახალგაზრდობას, მათ არ აქვთ საკმარისი კონტაქტები, გამოცდილება სოციალური კაპიტალის შესაქმნელად, რაც საბოლოო ჯამში მნიშნელოვან ბარიერს ქმნის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“ [Erik Lepisto. 2010]. „აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო ფაქტორად მაკრო ეკონომიკური ვითარების არსებობას წარმოადგენს. სიღარიბის შემცირებისა და მდგომარეობის გამოსწორებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წინაპირობად, საშინაო ფაქტორებიდან  სამუშაო ადგილების შექმნას განიხილავს“[Elvin N. Afandi, Gabor Pellenyi. 2014]. “მოდერნიზაცია საჭიროა მართვის მექანიზმებში. ყურადღება უნდა გამახვილდეს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე, ქვეყნის მოდერნიზაციაზე. ერთ - ერთი ამ სტრატეგული მნიშვნელობის საკითხებიდან არის ეკონომიკა, ის რაზეც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარება“ [E. Rustamov. 2014].

ამასთან, აღსანიშანავია, რომ აზერბაიჯანი, როგორც პოსტსაბჭოური ქვეყანა დამოუკიდებლობის დასაწყისში იდგა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომლებიც საერთო იყო ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოური მემკვიდრეობის დაძლევა უმთავრესი გამოწვევაა აზერბაიჯანისთვის ეკონომიკის სფეროში. რაც შეეხება, თავისებურებებს, აზერბაიჯანის, როგორც რეგიონის ერთ - ერთი წამყვანი ქვეყნის მახასიათებლებზე საუბრისას აღსანიშნავია მისი მდებარეობა, ენერგეტიკული რესურსების მარაგები, სატრანსპორტო გზები, საიმედო საერთაშორისო პარტნიორის სტატუსი.  ეს სწორედ ის თავისებურებებია, რომლებიც განსაზღვრავს აზერბაიჯანის ეკონომიკას დღეს და მის სამომავლო წინსვლას. 

დასკვნა 

დასკვნის სახით აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი, როგორც მდიდარი ქვეყანა თავისი ენერგეტიკული რესურსებით გამორჩეულია რეგიონში, ერთი მხრივ, როგორც ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიორი და, მეორე მხრივ, როგორც ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტიორი ქვეყანა. თანამედროვე აზერბაიჯანი არის ლიდერი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით,  საერთაშორისო პარტნიორი ეკონომიკის სფეროში, მდიდარი ენერგორესურსებით და წევრი საერთაშორისო საზოგადოების. აზერბაიჯანმა რთული და გამოწვევებით სავსა გზა გაიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან დღემდე. აღნიშნული სირთულეები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. პირველი: სირთულეები, რომლებიც ობიექტურად აქვს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, და ეს უკავშრდება: გამოცდილების ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობას, საერთაშორისო   ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებას, სახელმწიფო მექანიზმის ჩამოყალიბების რთულ და მეტად შრომატევად პროცესს, შიდა პოლიტიკური სისტემის არამდგრადობას და რაც განსაკუთრებულად ართულებდა სიტუაციას ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაზე მუშაობა დღემდე გრძელდება. მეორე: როგორც საბჭოური მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, ერთ - ერთი ასეთი მემკვიდრეობა კი სწორედ გეგმიური ეკონომიკაა, მეტად რთული რეალობის წინაშე დადგა  საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. აზერბაიჯანმა, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრმა ქვეყანამ განსხვავებით, მაგალითად ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთისგან, რომლებიც, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაადგნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და სამივე მათგანი გახდა ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, აზერბაიჯანი შეუერთდა რუსეთის მიერ დაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, იმ ქვეყნების უმრავლესობა კი, რომლებიც ამ გაერთიანებაში შევიდა  ვერ შეძლო მტკიცე საგარეო პოლიტიკის გატარება შემდეგი ათწლეულების მანძილზე. თუმცა ამასთან დაკავშრებით, ჰაბიბეილი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ: „ბალანსირებული საგარეო პოლიტიკა, მრავალვექტორულობა, თანამშრომლობა თანაბარი ურთიერთობები საერთაშორისო აქტორებთან, საიმედო პარტნიორობა, პრაგმატული პოლიტიკური კურსი, გამყარებული დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების პრინციპით იყო ჰეიდარ ალიევის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სტრატეგიის საფუძვლები. აზერბაიჯანში დაიწყეს დაბალანსებული და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება, ამასთან, ითვალისწინებდნენ მათ განსაკუთრებულ მდებარეობას რეგიონში. ეს იყო ძირითადი პრინციპი რომელიც დღესაც მოქმედებს. აზერბაიჯამა გააკეთა ცხადი არჩევანი სტრატეგიის თვალსაზრისით 1993 – 2003 წლებში და ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ქვეყნის წარმატება. დამოუკიდებელი პოლიტიკა დაფუძნებული ეროვნულ ინტერესებზე, წარმოადგენს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გლობალიზაციის პირობებში დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება რთულია. აზერბაიჯანმა დაიწყო დაბალანსებული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება მიიღო რა მხედველობაში რეგიონში მისი მდებარეობის უნიკალურობა“ [Habibbeyli, 2017].

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებული რეფორმები ფართო მასების უკმაყოფილებას იწვევს რადგან, მოსალოდნელი საერთო კეთილდღეობის ნაცვლად ისინი საზოგადოების მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას და საერთო დაძაბულობას ქმნის. ეს კი მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზაზე. ამას ემატება ის გამოწვევები, რომლებიც როგორც წესი საერთოა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის: საზოგადოებრივი ინსტიტუტების გარდაქმნა, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა, სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეთნიკური და კონფენსიური მშვიდობის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ეკონომიკის ზრდა, რესურსების გონივრულ, მდგრად გამოყენებასთან, უცხოური კაპიტალდაბანდებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასთან, საზოგადოებრივი ინსტიტუტების გამართულ მუშაობასთან, ადამიანური კაპიტალის გონივრულ მართვასთან, არის დაკავშრებული. აზერბაიჯანმა თავისი გეოგრაფიული მდებარეობა ენერგეტიკული რესურსები მთავარ დასაყრდენად აქცია საბაზრო ეკონომიკის განვითარების საქმეში. მთლიანობაში, ნათელია, რომ ენერგეტიკის სფეროში მოპოვებულმა წარმატებამ, შეუწყო ხელი ქვეყანის, როგორც ეკონომიკის, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პოზიციების გაუმჯობესებას. თუმცა, რჩება საფრთხე, კერძოდ ქვეყნის ეკონომიკის ერთ ძირითად სფეროზე დამოკიდებულება. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Habibbeyli, Arastu. 2017.  Reconsidering Azerbaijan’s Foreign Pplicy on the 25 th Anniversary of Restored Independence (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემს მიერ).
  2. De Waal, Thomas. 2016.  Azerbaijan at 25: A New Era of Change and Turbulence (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემს მიერ).
  3.  Sánchez-Braza, Antonio.  Galyan, Anna. 2018. Relationship between economic growth and residential energy use in transition economies,  María del P. Pablo-Romero,  Published online.  (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემს მიერ).
  4. Afandi, Elvin N.  Pellenyi, Gabor. 2014. Evidence of Pro-Poor Growth in Azerbaijan,   Pages 5-31.  Published online. (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემს მიერ).
  5.  E. Rustamov, E. 2014. Principles of the Evolutionary Modernization of Transitional Economies.    Pages 59-72.  Published online.  (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემს მიერ)
  6. Habibbeyli, Arastu. 2017.  Reconsidering Azerbaijan’s Foreign Pplicy on the 25 th Anniversary of Restored Independence. (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემს მიერ).
  7. De Waal, Thomas. 2016.  Azerbaijan at 25: A New Era of Change and Turbulence. (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემს მიერ).
  8. Breban, Dan.  Mukhtarov, Elmir.  2017. The 2018 State Budget Project of Azerbaijan: From Consolidation to High Spending?  CESD Press , Baku. (მონააცემები ბოლოს ნანახია 17. 01. 2021.).